English / ქართული / русский /
ვახტანგ ბურდული
ეროვნული ინოვაციური სისტემების ტრანსფორმაციის თავისებურებები ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში

რეზიუმე

თანამედროვე პირობებში შეუძლებელია ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა მასში ქმედითი ეროვნული ინოვაციური სისტემის (ეის)  არსებობის გარეშე. ამიტომ საქართველოს წინაშე ამჟამად დგას სრულფასოვანი ეის-ის ფორმირების ამოცანა. ამასთან დაკავშირებით მეტად მნიშვნელოვანია განვითარებულ ქვეყნებში ეის-ის მშენებლობის გამოცდილების შესწავლა (იმისათვის, რომ გადმოღებული იყოს საქართველოს პირობებში მისაღები მათი ელემენტები). სტატიაში განხილულია სამ ქვეყანაში (საფრანგეთი, სამხრეთი კორეა, ფინეთი) ეის-ის განვითარების გამოცდილება.

საფრანგეთის გამოცდილებიდან შეიძლება გაკეთდეს შემდეგი ძირითადი დასკვნები: 1. გააქტიურდა სახელმწიფოს როლი ეკონომიკური, კერძოდ ინოვაციური განვითარების რეგულირებაში, ხარისხობრივად ახალ დონეზე აღორძინდა დირიჟისტული ტრადიციები, რომლებიც დამახასიათებელია განვითარების რეგულირების კეინზიანური მოდელისათვის: სახელმწიფო ამუშავებს საერთო ეროვნული და რეგიონული განვითარების სტრატეგიებს, ახორციელებს ინოვაციური განვითარების საგადასახადო სტიმულირებას, შექმნა და იყენებს ინვესტიციების სტრატეგიული ფონდის (FSI) სახსრებს სახელმწიფო-კერძო პარტნიორობაში მონაწილეობისათვის (მათ შორის ვენჩურული საწარმოების შექმნის დროს), შექმნილია ფონდები და სხვა ორგანიზაციები საუკეთესო ინოვაციური პროექტების საფინანსო დახმარებისათვის. 2. სამრეწველო განვითარების კოორდინაციის პროცესში გამოიყენება კომპლექსური მიდგამა: მხარს უჭერენ არა მხოლოდ ინოვაციურ პროცესებს, არამედ სხვა ღონისძიებებსაც, რომელიც ხელს უწყობენ პროგრესულ ეკონომიკურ განვითარებას; 3. მოხერხებულად, არატრივიალურად გადწყვეტილია რეგიონული პრობლემა კონკურენტუნარიანობის პოლუსების შექმნის სახით, სადაც რეგიონული და საერთო ეროვნული განვითარების მიზნები და ინსტრუმენტები უშუალოდ ურთიერთდაკავშირებულები არიან და მიზნების მიღწევა ხორციელდება სამი საკვანძო მოთამაშის (მეცნიერება, სახელმწოფო, ბიზნესი) აწყობილი ურთიერთმოქმედების საფუძველზე.

სამხრეთ კორეის გამოცდილებიდან შეიძლება გაკეთდეს შემდეგი ძირითადი დასკვნები: 1. სამხრეთ კორეაში ინოვაციური ინდუსტრიული გარღვევისა და ქვეყნის განვითარებული ქვეყნების რიგებში გაყვანის განხორციელება შესაძლებელი გახდა მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკის გაწევის შედეგად, ე. ი. ამ გარღვევის წარმატებები 60-80-იან წლებში მიღწეული იყო აწყობილი და ინტენსიური სახელმწიფო დირიჟიზმის შედეგად. 2. ძირითადი როლი ინოვაციურ გარღვევაში ითამაშეს ფინანსური-სამრეწველო ჯგუფებმა (ფსჯ) _ “ჩებოლები”, რომლებშიც საბანკო შემადგენელს 60-80-იან წლებში  უპირატესად სახელმწიფოებრივი ხასიათი ჰქონდა. 3. ახალი ინდუსტრიული ეკონომიკა შენდებოდა სხვადასხვა ფორმებში ახალი ტექნოლოგიების სესხების პრინციპით (ევროატლანტიკური მოდელის ეის-ის მქონე ქვეყნებსა და იაპონიიდან).

ფინეთის გამოცდილებიდან შეიძლება გაკეთდეს შემდეგი ძირითადი დასკვნები: 1. 2008 წლიდან მშპ-ის დაცემა და ფინურ ექსპორტში მაღალი დამატებული ღირებულების მქონე საქონლის წილის შემცირება ბევრად იყო განპირობებული როგორც ძირითადი, ასევე ინოვაციების შემმუშავებელი წარმოებების გადატანით სხვა ქვეყნებში. 2. ფინეთის ინოვაციური სისტემის მუშაობის მკვეთრი გაუარესება ბევრად განპირობებული იყო მისი ზომაგადასული სიდიდით და ამავდროულად დაქსაქსულობით, და, ამასთანავე, ინოვაციების შემუშავების სისტემებსა და საბოლოო პროდუქტის კომპანიებს შორის არასაკმარისად მკვეთრი კოორდინაციით. როგორც აღნიშნეს ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის ექსპერტებმა, ამჟამად საჭიროა ფინეთის ეის-ის სიღრმისეული ტრანსფორმაცია.

ახლა მოკლედ ჩამოვთვლით, რის გადმოღება შეიძლება განხილული ქვეყნების გამოცდილებიდან საქართველოს ეის-ის წარმატებული ფორმირებისათვის.

ქვეყანაში, რომელიც ეის-ის ფორმირებას პრაქტიკულად ნულოვანი დონიდან იწყებს, შეუძლებელია წარმატებული ინოვაციური პოლიტიკის ჩატარება სახელმწოფო დირიჟიზმის გაძლიერების გარეშე. კერძოდ, ეს უნდა განხორციელდეს არა მარტო რეგულირების ინსტრუმენტების მეშვეობით, არამედ მთავრობის მხრიდან ბიზნესის წარმომადგენლებთან შეთანხმებების დადებითაც.

ასევე დავამატებთ, რომ საქართველოში ინოვაციური პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავების პირველრიგოვან ამოცანად უნდა გახდეს სამრეწველო და ინოვაციური საქმიანობის რეგიონული ცენტრების პროექტირების საკითხი, რომელთა სტრუქტურირება, ჩვენი აზრით, უნდა ხდებოდეს ფრანგული კონკურენტუნარიანობის პოლუსების მსგავსად.

საჭიროა, სამხრეთი კორეის მაგალითის მსგავსად, ფსჯ-ის შექმნა მრავალდარგობრივი კონგლომერატების დაარსებისა და მათში ინოვაციური საქმიანობის განვითარების მიზნით. ასევე საჭიროა ინოვაციების სესხების ხერხების გადმოღება: ლიცენზიებისა და ნოუ-ჰაუების შეძენა, უცხოური ფირმებისათვის ახალი საწარმოების აშენების შეკვეთა და მათ მიერ ობიექტების ჩაბარება ადგილობრივი მეწარმეებისათვის. საჭიროა საფრანგეთის მაგალითის მიხედვით საერთო ეროვნული სახელმწიფო ფონდისა და სხვა საფინანსო დაწებულებების შექმნა ეროვნული მეწარმეების საფინანსო და კონსალტინგური მხარდაჭერისათვის. ფინეთის გამოცდილებიდან აღჭურვაზე შეიძლება ავიღოთ სახელმწიფო და კერძო ინვესტორების მიერ დამწყებ სტადიასა და ზრდის სტადიაზე ახალი კომპანიების საფინანსო და კონსალტინგური მხარდაჭერის მექანიზმი.